logo
ENG



"საქართველომ კრემლის ორბიტაზე გადაინაცვლა" - Economist-ის სტატია სააკაშვილსა და ოცნებაზე

01 თებ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/egggvdvzaozfcjp.jpg
AP

გამოცემა The Economist მიხეილ სააკაშვილის, საქართველო-რუსეთის დაახლოებული ურთიერთობების, ასევე უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებისა და ქვეყნის დასავლური გეზიდან გადახვევის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს რეფორმატორი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოშია, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სავარაუდოდ მოწამლულია - რაც, სტატიის მიხედვით, პუტინის სურვილის ასრულებას ჰგავს.

იმავდროულად სტატიის ავტორი აცხადებს, რომ საქართველო, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში დასავლეთის მხრიდან "თავისუფლების შუქურად" აღიქმებოდა, ახლა "დიდი სისწრაფით მიექანება კრემლის ორბიტისკენ", რაც სტატიის მიხედვით, უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებშიც ჩანს.

The Economist-ის სტატია სრულად:

საქართველომ კრემლის ორბიტაზე გადაინაცვლა. დასავლეთი მას, ერთ დროს, თავისუფლების შუქურად მიიჩნევდა.

გზა თბილისის აეროპორტიდან ძველ ქალაქამდე - ციცაბო მოკირწყლული ქუჩების ქსელი ორნამენტებიანი აივნებით და ხინკლისა და ხაჭაპურის მადის აღმძვრელი სურნელით - ჯორჯ ბუშის სახელს ატარებს, პირველი ამერიკელი პრეზიდენტის, ვინც კავკასიის პატარა ქვეყანას 2005 წელს ეწვია. დემოკრატიული რეფორმებისადმი მისალმებისა და ერაყში სამხედროების გაგზავნისთვის მადლობის გადახდასთან ერთად ბუშმა საქართველოს „თავისუფლების შუქურა“ უწოდა და მის ახალგაზრდა, დაუღალავ რეფორმატორ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს პირველი „ფერადი“ რევოლუციით მოვიდა, უთხრა, რომ საქართველოს „ამერიკაში მყარი მეგობარი ჰყავდა“.

ბოლო დღეებში კრემლი საქართველოს - ქვეყანას, რომელშიც 2008 წელს შეიჭრა - მისი ხაზის გატარებისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებთან შეერთებაზე უარისთვის აქებს. 55 წლის სააკაშვილი კი თბილისის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოში, მეთვალყურეობის ქვეშ დემენციასა და კუნთების ატროფიას ებრძვის. დედამისი, ვინც მას ყოველდღიურად სტუმრობს, აცხადებს, რომ მას მეხსიერების პრობლემები აქვს და ყავარჯენი [დასაყრდენი გადასაადგილებელი] ესაჭიროება. "ჩემი ჯანმრთელობა საშინელ დღეშია"- სწერს სააკაშვილი გამოცემის კორესპონდენტს. 

"ყველანაირი ცუდი სიმპტომის გარდა ის, რაც სასოწარკვეთილებაში მაგდებს მეხსიერების საშინელი კარგვაა". სააკაშვილს სჯერა, რომ ის მოწამლეს და აცხადებს, რომ  ადრე, წინა ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ის მცირეხნიან კომაში ჩავარდა. დეკემბერში მისმა ადვოკატების ჯგუფმა გაავრცელა ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რომელშიც, ნათქვამია, რომ მის სხეულში მძიმე მეტალები აღმოჩნდა. დასკვნაში ტოქსიკოლოგმა გამოთქვა აზრი, რომ ის მოწამლეს. 31 იანვარს მისმა ახლობლებმა განაცხადეს, რომ ის [სააკაშვილი] რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ უარყო.

სააკაშვილმა საქართველოს მოდერნიზება მოახდინა, მაგრამ ასევე სკანდალსა და რეპრესიებში გაეხვა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, რაც მას პრეზიდენტის ვადა ამოეწურა, ბიძინა ივანიშვილის ხელში - იზოლირებული ბიზნესმენის, ვინც ფული რუსეთში გააკეთა, ვინც მოკლე პერიოდით პრემიერმინისტრი იყო და სინამდვილეში საქართველოს მას მერე მართავს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სახელისუფლებო პოზიცია არ უკავია - დაპატიმრების შიშით 2013 წელს [სააკაშვილმა] ქვეყანა დატოვა, უკრაინაში გადავიდა და უკრაინული პასპორტი მიიღო, თუმცა 2021 წლის ოქტომბერში მისი დაკავების  დიდი გარანტიების მიუხედავად, საქართველოში დაბრუნდა, იმ იმედით, რომ მოსახლეობა მის სასარგებლოდ პროტესტს დაიწყებდა. ამის სანაცვლოდ დაუსწრებლად გასამართლების შემდეგ ის დააკავეს და ახლა 6-წლიან სასჯელს იხდის.

ევროპარლამენტმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს სააკაშვილის, ვინც ერთ დროს ოდესის გუბერნატორი იყო და უკრაინის ეროვნული რეფორმის საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია კვლავ უკავია, საქართველოს გარეთ სამედიცინო მკურნალობისთვის გათავისუფლება სთხოვეს. Amnesty International-ის ცნობით, მისი დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა პოლიტიკურ შურისძიებას და პუტინის სურვილის შესრულებას ჰგავს, ვინც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოკლევადიანი ომი აწარმოვა და ერთხელ სააკაშვილს "****ებით დაკიდებას დაჰპირდა".

ივანიშვილის შექმნილმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ, ძალაუფლება არეულობისა და სააკაშვილის ძალაუფლებაში დაბრუნების შესახებ შიშის გაღვივებით შეინარჩუნა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქართველები, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკისადმი ხიბლისგან გათავისუფლდნენ, მათ ამაზრზენად მიაჩნიათ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. "ქართველები სააკაშვილის, როგორც პატიმრისადმი უფრო სოლიდარულები არიან, ვიდრე სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსისადმი" - აცხადებს ქართველი სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა აფერხებს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შანსებს. სხვა ჩავარდნები კანონის უზენაესობაში, მათ შორისაა გასულ წელს ნიკა გვარამიას, ვინც წამყვანი კერძო ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის ხელმძღვანელია, აშკარად გაყალბებულ ბრალდებებზე დაყრდნობით დაპატიმრება. პოლიტიკურ ოპოზიციას უთვალთვალებენ. საქართველოს მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე ევროკავშირმა პასუხი ივნისში 12 მოთხოვნის სიით დაუბრუნა, რომელთა მოგვარებასაც მთავრობა, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.

"საქართველო აშშ-ის და დასავლეთის საყვარელი სათამაშო იყო. ახლა სათამაშო გატყდა და აღარავინ აქცევს დიდ ყურადღებას" - აცხადებს შოთა უტიაშვილი, ხელისუფლების ყოფილი წევრი და ახლა თბილისში არსებული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, თანამშრომელი. ქართული ოცნება ქვეყანას ახლა საკუთარ ყოფილ წევრებთან კოალიციაში მართავს - მათთან ვინც პარლამენტში უფრო რადიკალური და ღიად ანტიდასავლური მოძრაობა, სახელად ხალხის ძალა შექმნეს. [მოძრაობამ] მათ შორის დააყენა კანონპროექტი "უცხოელი აგენტების" შეზღუდვის შესახებ, რაც კრემლის ტაქტიკის ზუსტ ასლს ჰგავს. მოძრაობამ ამერიკაც კი დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლების გადაგდების მცდელობაში.

საქართველო ჯერ კიდევ ბევრად ნაკლებად ავტორიტარულია ვიდრე რუსეთი ან ბელარუსი, მაგრამ ის სწრაფად მიექანება კრემლის ორბიტისკენ. პუტინის სიამოვნების მიზნით [საქართველოს] ხელისუფლებამ უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებოდა ან ის საზენიტო სარაკეტო სისტემები დაებრუნებინა, რაც უკრაინამ საქართველოს 2008 წელს გადასცა. „არ მესმის რატომ მიეჯაჭვა საქართველოს მთავრობა კრემლს“ - განაცხადა ევროპაში ამერიკული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა, თბილისში ბოლო ვიზიტისას.

ბევრი ქართველი, როგორც ჩანს ამას ეწინააღმდეგება. უკრაინულ დროშებს ხშირად შეხვდებით, ისევე როგორც წარწერებს სახლებზე „საქართველო უკრაინაა; უკრაინა საქართველოა“. კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ ეს სენტიმენტი თბილისის ლიბერალური საშუალო კლასის მიღმაც ღრმად გავრცელებული. როგორც ცნობილია, დაახლოებით 1 000 ქართველი მოხალისე უკრაინის მხარეს იბრძვის. თუმცა ამდენადვე ღრმაა ომისადმი ტრავმა და შიში, რასაც ივანიშვილის პარტია იყენებს. ქართული ოცნება დაემშვიდობა პროუკრაინული პროტესტებს და ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინა იმაზე აპელირებით, რომ ისინი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას რისკავენ.

სურათს კიდევ უფრო ართულებს დაახლოებით 100 000  გამოქცეული რუსი, ვინც იმავე რეჟიმისგან თავშესაფარი, ვისაც ორ ანკლავში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს, საქართველოში იპოვა. მათი უმეტესობა, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ომის წინააღმდეგია ახალგაზრდა, განათლებული ადამიანია, თუმცა ისინი ქართულ პოლიტიკას ემიჯნებიან.

ახალი ალიანსები და განხეთქილებები არსადაა ისეთი მკაფიო, როგორც გორში - იოსებ სტალინის დაბადების ადგილას. [გორის] მთავარი ტურისტული სანახაობა მუზეუმია, რომელიც საქართველოში დაბადებულ საბჭოთა დიქტატორს ეძღვნება. ხელისუფლებამ გორიდან აიღო სტალინის გიგანტური ძეგლი და აპირებდა, მისი მუზეუმი სტალინიზმის მკვეთრი გმობის და არა მისი ცხოვრების ზეიმის ადგილად ექცია. თუმცა, როგორც აშკარად შერცხვენილი გიდი რუსულად მოსაუბრე ტურისტების ჯგუფს უყვება, გეგმა გაუქმდა: "დესაბჭოიზაცია და დესტალინიცაზია" მას შემდეგ შეჩერდა, რაც ათწლეულის წინ სააკაშვილმა ხელისუფლება დატოვა.

ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით სტალინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ათეული ახალი ქანდაკება და დაფები აღიმართა. დიქტატორს, რომელმაც 1921 წელს ბოლშევიკებს საქართველოს ოკუპაციაში დაეხმარა და საქართველოს დემოკრატია და დამოუკიდებლობა გაანადგურა, ახლა ქართველ გმირად ასაღებენ. კრემლი ამ ამბით აღტაცებული უნდა იყოს.


close დახურვა